02 გაკვეთილი. აქ ახლა და მისი ვარჯიში.

02 გაკვეთილი. აქ და ახლა და მისი ვარჯიში .

წინა ვიდეოგაკვეთილში იმის შესახებ გესაუბრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი სხეულის რელაქსაციისთვის დროის დათმობა. ამ ვიდეოგაკვეთილში კი მინდა გაგიზიარო ის სავარჯიშო, რომელიც აქ და ახლა, მიმდინარე მომენტთან კავშირის პოვნაში დაგეხმარება. 

ეს არის ძალიან მარტივი სავარჯიშო, რომლის გაკეთებაც შენგან მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს.სავარჯიშოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ დილას შენ უბრალოდ უნდა დაჯდე და ეცადო კონცენტრირდე შენს სუნთქვაზე.  დააკვირდი, როგორ ჩაისუნთქავ ჰაერს და შემდეგ ამოისუნთქავ. არ ეცადო არაფერს მეტს. საწყისი ეტაპისთვის ეს საკმარისია. სუნთქვის გარდა ასევე შეგიძლია დააკვირდე შენს შეგრძნებებს. მშვიდად ჯდომისას დააკვირდი მათ, გაიაზრე ზუსტად რას გრძნობ. ასევე შეგიძლია ივარჯიშო აწმყოში მყოფ საგნებზე კონცენტრირებით, დაინახო ისინი, დეტალურად დააკვირდე, აღიქვა მათი ვიზუალური მხარე, ფერი, ფორმა, ტექსტურა, გაიაზრო  თუ რისთვის არიან შექმნილი, რა დანიშნულება აქვთ.

ანუ აქ და ახლა, მიმდინარე პროცესში ყოფნისათვის, მთავარია კონცენტრირდე ისეთ რამეზე, რაც აქ და ახლაა, იქნება ეს შენს შიგნით - სუნთქვა, ფიქრები თუ შეგრძნებები, თუ შენს გარეთ არსებული საგნები და მოვლენები. თუკი ამ სავარჯიშოს კეთებას შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევ, შენი გონება გავარჯიშებული იქნება და გექნება უნარი, რომ როდესაც პრობლემატურ სიტუაციაში იქნები, მაგალითად როცა შფოთი აგიტანს ან პანიკური შეტევა დაგეწყება, შეძლო უფრო მარტივად ფოკუსირდე მიმდინარე მომენტზე, გარემოზე, ირგვლივ მყოფ საგნებზე, ტანსაცმელსა თუ მოძრავ ობიექტებზე.

მიმდინარე მომენტზე კონცენტრირება ობიექტურ რეალობაში დაბრუნებას ნიშნავს, რაც განგათავისუფლებს შფოთისგანაც. ეს სავარჯიშო გაგიადვილებს პანიკური შეტევის მდგომარეობასაც. თუკი პანიკური შეტევა გექნება, მოძებნე ის, რაც იმ მომენტში ირგვლივ იქნება, დააკვირდი მას და აღიქვი დეტალურად. როგორც ნახე, მიმდინარე მომენტზე კონცენტრაციის უამრავი გზა არსებობს. ამის გაკეთება შენ შეგიძლია იმ მომენტში არსებულ ხმებზე, ირგვლივ მყოფ საგნებსა თუ შეგრძნებებზე დაკვირვებით, მაგრამ ყველაზე მარტივია, რომ უბრალოდ დაჯდე ყოველ დილას და დააკვირდე შენს სუნთქვას. ირგვლივ სულ სიცარიელეც რომ იყოს, სულ რომ არაფერი გქონდეს დასაკვირვებელი, სადაც არ უნდა იყო, სუნთქვაზე დაკვირვების შესაძლებლობა მუდამ გექნება.

ამ სავარჯიშოს აქტიურად კეთებით, შეძლებ თავი გაითავისუფლო შფოთის, დარდის, სევდისა თუ თუნდაც პანიკური შეტევის მდგომარეობისგან, რადგან გეცოდინება თუ როგორ შეძლო აწმყოზე კონცენტრირებით ფიქრების სამყაროდან დაბრუნდე აწმყოში, „აქ და ახლა“.