ამ ვიდეოგაკვეთილში შენთვის კონკრეტული გზების სწავლება მინდა, რომლებიც პანიკური შეტევისგან განთავისუფლებაში დაგეხმარება.
პირველი გზა, იმისათვის რომ პანიკური შეტევისგან განთავისუფლდე, არის აქტიური ცოდნა, რომ პანიკური შეტევის შედეგად შენ არ მოკვდები. ალბათ გახსოვს ტერმინი „აქტიური ცოდნა“. იგი აქამდეც არაერთხელ გამოვიყენე, მაგრამ კიდევ შეგახსენებ თუ რას გულისხმობს და რით განსხვავდება იგი პასიური ცოდნისაგან. აქტიური ცოდნა ნიშნავს იმას, რომ რაღაც ინფორმაცია, რომელიც ოდესღაც ისწავლე, ნასწავლად კი არ დარჩა, არამედ მუდმივად, აქტიურად გახსოვს და იყენებ ყოველთვის, როდესაც გჭირდება. ხოლო პასიური ცოდნის შემთხვევაში შენ უბრალოდ გაქვს ინფორმაცია რაიმეს შესახებ და იმის გამო, რომ კარგად არც კი გახსოვს, ვერც მის გამოყენებას ახერხებ. ხოლო პანიკური შეტევის შედეგად შენ რომ არ მოკვდები და არაფერი არ მოგივა, აუცილებელია იცოდე აქტიურად. გახსოვდეს მუდმივად, რადგან ეს სიმართლეა. დღემდე არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა, რომ პანიკური შეტევის შედეგად ვინმე გარდაიცვალა.
მეორე აქტიური ცოდნა, რომელიც გჭირდება პანიკური შეტევის დროს არის ის, რომ არ გაიგუდები და რომ ამ დროს უბრალოდ საჭიროა სუნთქვის დასტაბილურება. პანიკური შეტევის დროს, უმეტესად, ფილტვები ჰაერითაა სავსე. ადამიანები კი ნერვიულობის ფონზე კიდევ უფრო გახშირებულად სუნთქავენ. ამ მომენტში ადამიანმა უნდა გაიხსენოს, რომ სჭირდება ფილტვების დაცლა და სუნთქვის ამის შესაბამისად დარეგულირება. თუ პირიქითაა, ანუ ფილტვები დაცლილია, მაშინ საჭიროა ფილტვების ჰაერით გავსება და შემდეგ დაცლა. ხოლო თუ დაცლის პროცესი ტეხილია, უნდა ვეცადოთ ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მომენტი იყოს სტაბილური.
სწორედ ეს ორი აქტიური ცოდნა - რომ არ მოვკვდებით და არც უჰაერობით გავიგუდებით - დაგეხმარება პანიკურ შეტევასთან გამკლავებაში. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან სანამ ადამიანებს პანიკური შეტევა დაემართებათ, მათ ეშინიათ, რომ დაემართებათ პანიკური შეტევა. ეშინიათ, რომ ეს მდგომარეობა მათ ცუდ შედეგებამდე მიიყვანს, მოკვდებიან, გაიგუდებიან, გონებას დაკარგავენ, ხალხის წინაშე შერცხვებიან და ა.შ. მაგრამ, თუ ადამიანმა იცის, რომ პანიკური შეტევის დროს რეალურად არ არსებობს შანსი იმისა რომ რამე დაემართოს, აღარ ეშინია, ხოლო რაც უფრო ნაკლებია შიში, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ პანიკური შეტევა საერთოდ დაემართოს.
ალბათ გახსოვს ცურვის მაგალითიც. რომ გითხარი ცურვას საბოლოოდ მხოლოდ მაშინ ისწავლი, როდესაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებ და გაცურავ-მეთქი. თუკი ხელს გკრავდნენ და წყალში სრულიად მოულოდნელად, მომზადების გარეშე გადაგაგდებენ, შენ ფართხალით, შეშინებული გამოხვიდოდი ნაპირზე. მაგრამ თუკი წყალში სასწავლად, შენით ჩახვიდოდი, მაშინ სწავლის პროცესი ბევრად მშვიდი და ნაყოფიერი იქნებოდა. იგივეა პანიკური შეტევის დროსაც. მართალია შენ შენი ნებით არ აირჩევ ამ მდგომარეობაში ჩავარდნას, მაგრამ თუ შენს გონებაში აქტიური ცოდნის სახით გექნება ის, რომ არ გეშინია ამ მდგომარეობაში ჩავარდნის, შენ შეძლებ შეამცირო ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ჩავარდე ამ მდგომარეობაში და თუკი მაინც ჩავარდები ბევრად მარტივად შეძლებ მასში „ცურვის სწავლას“, რადგან შენ უკვე თეორიულად გეცოდინება, რას შეუძლია შენი დახმარება.
პანიკური შეტევისგან განსათავისუფლებლად, რა თქმა უნდა, კიდევ არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, მზერის ფოკუსირება ერთ წერტილში - ესეც ქცევითი ცვლილებაა, რომელიც შემდეგ აისახება გონებაზეც. ანუ ჩვენ პანიკური შეტევისას ჩვენს თავში ცვლილება შეგვიძლია რამდენიმე სახით შევიტანოთ: გონების საშუალებით - აქტიურად ვიცოდეთ, რომ არაფერი არ მოგვივა და ეს მდგომარეობა უსასრულოდ არ გაგრძელდება; სხეულის საშუალებით -დავარეგულიროთ სუნთქვა; ქცევის საშუალებით - მზერით ვფოკუსირდეთ ერთ წერტილზე; რომელიმე ერთის ცვლილება კი შემდეგ აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებას დანარჩენ ნაწილებშიც, რადგან, ალბათ გახსოვს, რომ ეს სამი - სხეული, გონება, ქცევა - ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
საინტერესოა ისიც, რომ რაც პანიკური შეტევის დროს ხდება, ხდება არაერთ ფობიის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევებში ხშირად იყენებენ ექსპოზიციურ თერაპიას - ადამიანი ნელ-ნელა უახლოვდება მისთვის საშიშ ობიექტს. სწავლობს შიშის დაძლევას და იწყებს დაკვირვებას. მაგალითად თუ ადამიანს ძაღლის ფობია აქვს, მან ჯერ უნდა წარმოიდგინოს ძაღლი. შემდეგ წარმოდგენაში მიუახლოვდეს მას. შემდეგ ქუჩაში ისევ ისე შორიდან კი არ მოუაროს, არამედ შედარებით ახლოს მივიდეს მასთან. ბოლოს შეეხოს მას, რის შემდეგაც დაინახავს, რომ სინამდვილეში ის არც ისე საშიში ყოფილა, როგორც ეგონა.
შეგვიძლია ეს მაგალითი პანიკური შეტევის შემთხვევაში განვიხილოთ. ჩვენ რომ სულ გავურბოდეთ პანიკური შეტევის მდგომარეობას, არ მოხდებოდა ექსპოზიცია, ვერ დავაკვირდებოდით ამ მდგომარეობას. მუდმივად გვეგონებოდა, რომ ის ძალიან სახიფათოა და ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. მაგრამ ხომ გახსოვს, გონება სამხილების წინაშე ქედს იხრის. მას შემდეგ რაც აქტიური გონებით დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ის არც ისეთი საშიშია, ეს ჩვენი გონებისთვის სამხილი გადება, რომელიც შიშს მოგვიხსნის, ხოლო როდესაც აღარ შეგვეშინდება, შანსიც დაიკლებს, რომ საერთოდ დაგვემართოს პანიკური შეტევა. და თუ დაგვემართება, ზუსტად გვეცოდინება როგორ მოვიქცეთ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება.
Login
Accessing this კურსი requires a login. Please enter your credentials below!