02 გაკვეთილი. სტრესის რეაქცია და შფოთვითი აშლილობა.

02 გაკვეთილი. სტრესის რეაქცია და შფოთვითი აშლილობა.

უკვე შეამჩნევდი, რომ რაიმეს ახსნისას ხშირად ვიშველიებ ამა თუ იმ მეტაფორასა თუ ცხოვრებისეულ მაგალითს, რადგან მინდა ჩემი მსჯელობა შენთვის მეტად ნათელი და გასაგები გავხადო. ეს ვიდეოგაკვეთილიც მთლიანად ასეთ მეტაფორაზეა აგებული.

რეალურ ცხოვრებაში, სადმე შემთხვევით მგელს რომ გადაეყარო, შენს ორგანიზმში მაშინვე გამოიყოფა სტრესის ჰორმონები და სხეულს თვითგადარჩენისკენ მომართავს. ამ დროს ორგანიზმის ფუნქციები, რომლებიც უშუალოდ თვითგადარჩენასთან არ არის კავშირში, მოქმედებას დროებით შეწყვეტს და სხეული სრულად მოემზადება საბრძოლველად ან გასაქცევად. ამ შემთხვევაში სტრესი შენთვის დამცავი მექანიზმის ფუნქციას შეასრულებს და გადარჩენაში დაგეხმარება.

რეალურ ცხოვრებაში, მუდმივად ან პერიოდულად, შენ ხარ ისეთივე სტრესში, თითქოს შენთან სადმე ახლოს მგელია ჩასაფრებული. გეშინია, მზად ხარ გასაქცევად ან მომართული ხარ თავდაცვაზე.  მინდა გითხრა, რომ შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა ორგანიზმისთვის საკმაოდ საზიანოა, რადგან ამ დროს იმ ჭურჭელში, რომელზეც ერთ-ერთ ვიდეოგაკვეთილში უკვე გესაუბრე, სტრესის დონე და გადმოღვრის ალბათობა მატულობს.

რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ მგელს, მასში ვგულისხმობ არა რეალურ მგელს, არამედ ამა თუ იმ რეალურ მოვლენასა თუ სიტუაციას, რომელსაც შენ საფრთხედ აღიქვამ. მაგალითად შენ შეიძლება გქონდეს განცდა, რომ ხალხმრავალ ოთახში შესვლისას ვინმე დაგცინებს. ან თანამშრომელი გეტყვის რამეს უხეშად, შენი მეგობარი შენთან მეგობრობას აღარ მოისურვებს და ა.შ. სინამდვილეში, დიდი ალბათობით, არც ხალხმრავალ ოთახში შესვლისას დაგცინებს ვინმე, არც თანამშრომელი აპირებს შენთვის რაიმეს უხეშად თქმას და არც შენს მეგობარს უნდა თქვენი მეგობრობის დასრულება.  რაც იმას ნიშნავს, რომ შენ გეშინია იმ მგლის, იმ საფრთხის, რომელიც ობიექტურ რეალობაში არ არსებობს. ის მხოლოდ შენს ფიქრებშია და არ გაძლევს საშუალებას მოდუნდე, არამედ ისედაც დასტრესილს, კიდევ უფრო მეტად გსტრესავს.

ამ მაგალითით შენთვის იმის ჩვენება მინდა, რომ როდესაც შენი სხეული გადავსებულია სტრესით, გონება მუდმივად ეძებს ამ სტრესის მიზეზს, ანუ მგელს, და მნიშვნელოვანია ცოდნა, რომ მას აქვს უნარი ამ მიზეზის პოვნის, იმის მიუხედავად, მიზეზი არსებობს თუ არა.

ანუ ხალხმრავალ ოთახში შესვლისას თუ ვინმე გაიცინებდა და შენ დასტრესილი იქნებოდი, შენი გონება ამ გაცინებას შენს დაცინვად აღიქვამდა, რაც კიდევ უფრო მეტად დაგსტრესავდა. სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც შეამჩნევ, რომ გაქვს შიშის შეგრძნება, მოზღვავებული ბრაზი, სევდა თუ შფოთი, დაუსვი კითხვა შენს თავს: გაქვს თუ არა რეალური საფუძველი, რომ თავი ასე იგრძნო? თუ საქმე იმაშია, რომ დასტრესილი ხარ და შენი გონება მგლის პოვნას ცდილობს? მერწმუნე, ეს ბევრჯერ მიგახვედრებს, რომ შენი ნეგატიური შეგრძნებები მხოლოდ იმის შედეგია, რომ შენში გადაჭარბებული სტრესია და არ გაქვს რეალური საფუძველი განიცადო შიში. და არც მგელია სადმე ახლოს.