ძალიან ბევრი ადამიანი დისკომფორტს განიცდის ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც მას არ აქვს კონტროლი ამა თუ იმ მოვლენასა თუ სიტუაციაზე, ან შეგრძნება აქვს, რომ არ აქვს კონტროლი.
პირადად ჩემს შემთხვევაშიც შფოთვითი აშლილობის დროს ეს განცდა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი. მაგრამ ჩემი ფსიქიკური განათლების პროცესში ვისწავლე მეთოდი, რომელიც შემდეგ ძალიან დამეხმარა და, შეიძლება ითქვას, ეს ცოდნა დღემდე ძალიან მეხმარება. სწორედ ამ მეთოდს გაგიზიარებ ამ ვიდეოგაკვეთილში.
ამ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა, არამედ იმაზე, რისი კონტროლიც შეგვიძლია. მაგალითად თუ წვიმა არ გიყვარს და იმაზე დარდობ, რომ ხვალ შეიძლება იწვიმოს, ეს ვერ შეცვლის ხვალინდელ ამინდს, შენი დარდით წვიმას ვერც მოიყვან და ვერც შეაჩერებ, ამით მხოლოდ სადარდებელს იმატებ. ეს იმას ნიშნავს, რომ კონცენტრირებული ხარ იმაზე, რაც შენს კონტროლს მიღმაა. მაგრამ შენ თუ შენს კონცენტრაციას მიმართავ იმაზე, რომ თუ იწვიმებს ეს შენთვის პრობლემა არ იქნება, რადგან შეგიძლია გარეთ ქოლგა წაიღო, ზედმეტ დარდს თავიდან აირიდებ.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლია შენი კონცენტრაციის შეცვლით, შეცვალო შენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. თუ ირგვლივ მიმოიხედავ და მკვლევრის თვალით შეხედავ სიტუაციებს, მათ შორის იმ სიტუაციებს, რომლებიც გაშინებს იმით, რომ უკონტროლობის განცდას გიქმნის, აღმოაჩენ, რომ ბევრად მეტია ისეთი რამ, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია.
ამ ძიებას დაწყების შემდეგ, გარწმუნებ, წინ ბევრი აღმოჩენა გელის, რაც დაგეხმარება, რომ გაიაზრო - ირგვლივ მართლაც გაცილებით მეტი რამაა, რისი კონტროლიც შეგიძლია, ვიდრე ახლა გგონია. ასე რომ არ გადადო, დაიწყე ძიების პროცესი, წინ უამრავი აღმოჩენა გელის.
Login
Accessing this კურსი requires a login. Please enter your credentials below!