03 გაკვეთილი. თვითგადარჩენის ალგორითმი.

03 გაკვეთილი. თვითგადარჩენის ალგორითმი.

წინა გაკვეთილიდან უკვე იცი, რომ სტრესის ნორმალური რაოდენობა შენი ორგანიზმისთვის აუცილებელია და ის შენთვის მხოლოდ მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც ნორმალურ რაოდენობას აჭარბებს და პიკს აღწევს.

ამ ვიდეოგაკვეთილში გესაუბრები იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი თვითგადარჩენის ალგორითმი. იმისათვის, რომ გადავრჩეთ, უმჯობესია შეგვეშინდეს მანამ, სანამ დავრწმუნდებით რომ ის საშიშია, ვიდრე არ შეგვეშინდეს, არ მივაქციოთ ყურადღება და მერე საკუთარ თავზე გამოვცადოთ ცუდი შედეგი. წინა ვიდეოგაკვეთილების მსგავსად, ამ აზრის შენთვის უკეთ გასაგებად, ისევ ცხოვრებისეულ მაგალითს მოგიყვან. წარმოიდგინე რომ ქუჩაში სიარულისას დაინახე თოკი, რომელიც ძალიან ჰგავს გველს, შენ ინსტინქტურად გვერდი აუარე მას და ისეთი დისტანცია დაიჭირე რომ გველი რომც ყოფილიყო, უსაფრთხოდ იქნებოდი და გადარჩებოდი. ახლა წარმოიდგინე  იგივე სიტუაცია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩაში სიარულისას გველი დაინახე, შენ კი თოკს მიამსგავსე და არაფერი მოიმოქმედე მისგან თავის ასარიდებლად და თავდასაცავად. რომელ შემთხვევაში იქნებოდი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ? ტყუილად რომ შეგეშინდა თუ მაშინ, როდესაც საერთოდ არ შეგეშინდა და არაფერი გააკეთე გველისგან თავდასაცავად? რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში შენ გაცილებით უსაფრთხოდ იქნებოდი, რადგან შენმა შიშმა გიბიძგა მოქცეულიყავი ისე, რომ თუ თოკი მართლაც გველი აღმოჩნდებოდა, მას გადაურჩებოდი. მეორე შემთხვევაში შესაძლოა გველზე ფეხიც კი დაგედგა და გაგეღიზიანებინა, რაც რა თქმა უნდა, შენთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა. 

რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი. ჩვენი, ადამიანების გონება ისეა მოწყობილი, რომ მიდრეკილები ვართ ამა თუ იმ სიტუაციაში საშიშროების დანახვისკენ და ვიდრე სიტუაციაში გავერკვევით , გონების ჩვენი ეს ტენდენცია კარგი და სასარგებლოა ჩვენთვის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შიშის შეგრძნება ჩვენთვის სასარგებლოა მხოლოდ სანამ დავრწმუნდებით, რომ საშიში თურმე არაფერია.  მაგრამ ასევე საჭიროა ვიცოდეთ, როგორ განვთავისუფლდეთ შიშისაგან მაშინ, როდესაც სინამდვილეში საშიში არაფერია. ასევე უნდა ვისწავლოთ იმის დანახვაც, რომ ხშირად ის, რაც საშიში გვგონია, სინამდვილეში სულაც არ წარმოადგენს ჩვენთვის საშიშროებას. და მერწმუნე, შენს ცხოვრებაში არის უამრავი სიტუაცია, როდესაც შენ გაუცნობიერებლად გაქვს საფრთხის შეგრძნება და საფრთხე რეალურად არ არსებობს. შენ კი თავს ტყუილად ისტრესავ.

მაგალითად, თუ შენს მეგობარს მიწერე და პასუხი არ დაგიბრუნა, შეიძლება იფიქრო, რომ მას არ აინტერესებ და არ უშვებდე იმ აზრს, რომ უბრალოდ დრო ვერ გამონახა მოსაწერად. ან იფიქრო, რომ შენს უფროსს შენი სამსახურიდან გაშვება უნდა მხოლოდ იმიტომ, რომ შენიშვნა მოგცა და აღარ გახსოვს სულ რამდენიმე დღის წინ რომ შეგაქო. ანდაც შენი ოთახში შესვლისას რომელიმე იქ მჯდომმა თუ გაიცინა, გეგონოს რომ შენ ხარ დაცინვის ობიექტი და არ ფიქრობდე, რომ რეალურად შენზე კი არა სულ სხვა რამეზე იცინის.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შიშისა და საფრთხის განცდები ჩვენთვის აუცილებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორ განვთავისუფლდეთ მათგან მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ რეალურად საფრთხე არ არსებობს. ხოლო ამაში  დასარწმუნებლად ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სამხილები. ანუ სამხილები არის ის, რაც გვჭირდება ჩვენი ვარაუდების და საფრთხის შეგრძნების  გასანეიტრალებლად. იმის დანახვა, შემჩნევა და გაანალიზება თუ როგორ განსხვავდება თოკი გველისაგან იქნებოდა ჩვენთვის სამხილი და შევძლებდით შიშის განცდის მოშორებას. ასევე ცხოვრებისეულ სიტუაციებში ჩვენ გვჭირდება სამხილები იმისათვის, რომ გავარჩიოთ არის თუ არა რეალური საფრთხე ჩვენს წინაშე, თუ ტყუილად გვეშინია და ვისტრესავთ თავს?

შემდეგ გაკვეთილში სწორედ იმაზე განვაგრძობ საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხილები და როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს ცხოვრებაში.