03 გაკვეთილი. შფოთვითი კატასტროფიზაცია.

03 გაკვეთილი. შფოთვითი კატასტროფიზაცია.

როდესაც სხეულში სტრესის ჭარბი რაოდენობაა დაგროვილი, ადამიანი მიდრეკილია, რომ მოახდინოს მოვლენათა კატასტროფიზაცია.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ დროს გვაქვს მუდმივად ცუდის მოლოდინი, რაც ისედაც სტრესით სავსეებს, კიდევ უფრო მეტ სტრესს გვიმატებს. ამ დროს ამა თუ იმ, რეალურად არც ისე დიდ პრობლემას, ჩვენ აღვიქვამთ იმაზე სერიოზულად, ვიდრე სინამდვილეში არის და გვაქვს განცდა, რომ ეს პრობლემა ძალიან დიდ ზიანს მოგვიტანს, ან საშინელება მოხდება.

მაგალითად, თუ ქუჩაში გამვლელი რაღაცას გაბრაზებული ჩაილაპარაკებს, შენ შეიძლება მოახდინო ამის კატასტროფიზაცია და იფიქრო, რომ მისი ნეგატიური ქცევა შენკენ იყო მომართული. არადა, სინამდვილეში შეიძლება მას ვერც კი შეემჩნიე. ხშირ შემთხვევაში იგივე ხდება, როდესაც ადამიანებს პანიკური შეტევა ემართებათ. ისინი ახდენენ შეტევის კატასტროფიზაციას. იწყებენ იმაზე ფიქრსა და ნერვიულობას, რომ ეს შეტევა მათ გაგუდავს, მოკლავს, ანუ წარმოიდგენენ მდგომარეობის დასასრულის ყველაზე ცუდ ვარიანტს. რაც, რა თქმა უნდა, შეტევასთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ასეთი ფიქრები მათ სხეულში ავტომატურად წარმოქმნის სტრესის ჰორმონებს, რაც მათზე უარყოფითად აისახება როგორც ზოგადად, ისე იმ კონკრეტულ მომენტში.

ამ ვიდეოგაკვეთილში ჩემი მიზანი იყო, დაგხმარებოდი დაგენახა, რომ შენ ხშირად პრობლემას იმაზე სერიოზულად თუ საშიშად აღიქვამ, ვიდრე სინამდვილეში არის. რაც შენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. ამის გააზრება და ცხოვრებაში გადატანა, ანუ შემჩნევა, თუ როდის აკეთებ კატასტროფიზაციას, დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში. თუმცა შემდეგ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები ამ საკითხში მეტად გაგარკვიო.