03 გაკვეთილი. სამხილების წინაშე, გონება ქედს იხრის.

04 გაკვეთილი. სამხილების წინაშე, გონება ქედს იხრის.

წინა ვიდეოგაკვეთილებში ხაზი გავუსვი, რომ ჩემი სწავლების მიუხედავად, მთავარი მაინც შენ ხარ შენი გამოჯანმრთელების პროცესში, რომ საბოლოოდ მაინც შენი გასაკეთებელია ის, რაც გამოჯანმრთელებისთვის გჭირდება.  შეიძლება ეს აზრი გაშინებს და თვლი, რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება შენს თავზე რთულია, მაგრამ აქვე შეგახსენებ მაინც რა არის შენი გასაკეთებელი და გეტყვი, რომ ეს არის ყურადღებით ყოფნა.

ალბათ გახსოვს რომ გირჩიე, იყო მკვლევარი და არა მხოლოდ მსმენელი ამ კურსის გავლის დროს.  სულ ეს არის, რაც შენი გასაკეთებელია: ყურადღებით ყოფნა ამ ვიდეოგაკვეთილების ყურებისას და, ზოგადად, ცხოვრებაში, იქნება ის, რაც გამოიწვევს კიდეც ცვლილებას.

ამ ვიდეოგაკვეთილით ვეცდები უკეთ აგიხსნა რას გულისხმობს სამხილები და როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ შენს გონებასა და ფიქრებზე. საერთოდ, რას ნიშნავს „სამხილების წინაშე გონება ქედს იხრის“? ეს ნიშნავს, რომ თუკი შენ დაინახავ, შეამჩნევ, ყურადღებას გაამახვილებ სამხილებზე, მაშინ გონებას სხვა გზა აღარ დარჩება, უბრალოდ ვერ შეგეწინააღმდეგება და შეცვლის ფიქრს.

რას მოგცემს ფიქრის შეცვლა? ფიქრის შეცვლა გამოიწვევს შენი დამოკიდებულების შეცვლას ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. მაგალითად, როგორც წინა გაკვეთილში გესაუბრე, შენ რომ ქუჩაში  თოკი გენახა და შეშინებულიყავი, შემდეგ კი დაჰკვირვებოდი მას და ამ დაკვირვებისა და აღქმის საფუძველზე მიმხვდარიყავი რომ ის, გველი კი არა თოკი ყოფილა, იქნებოდა სამხილი და ეს სამხილი გახდებოდა შენი ფიქრის შეცვლის მიზეზი. შენ აღარ შეგეშინდებოდა და თავს უსაფრთხოდ იგრძნობდი.

ანალოგიური სიტუაციაა შენს რეალურ ცხოვრებაშიც. გაიაზრე ეს ინფორმაცია, იყავი ყურადღებით, შეამჩნიე სამხილები და დაიწყე ამ მეთოდის ცხოვრებაში გამოყენება. ყოველ ჯერზე, როდესაც იგრძნობ შიშს, დაუცველობას, წყენას, შფოთს, ბრაზს - დაფიქრდი, გააანალიზე, დააკვირდი, სხვა კუთხით შეხედე - იქნებ სულაც არ არის ისე, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენება?  იქნებ გველები, რომლების ასე გეშინია, სინამდვილეში თოკებია და შიშით თავს სულ ტყუილად ისტრესავ?  იყავი ყურადღებით, დაინახე, აღიქვი, დააკვირდი, გააანალიზე, ისწავლე სამხილების გამოყენება და დამიჯერე, ეს ძალიან დაგეხმარება  მოვლენებისა თუ სიტუაციების სხვაგვარად აღქმაში, რეალობის დანახვაში და მერწმუნე, შენი თვალით ნახავ, რომ ობიექტური რეალობა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფსიქიკური რეალობა. ობიექტური რეალობით შენ ვერასდროს დაშავდებოდი, ეს შენი ფსიქიკური რეალობაა, რომელიც შენში ტრავმებსა და სტრესს წარმოქმნის.

ასე რომ გამოიყენე ეს მეთოდი, იყავი მკვლევარი, დაინახე სამხილები და თავად დარწმუნდი, რომ სამხილების წინაშე გონება უძლურია.