04 გაკვეთილი.ფიქრითი შეცდომები.

04 გაკვეთილი. ფიქრითი შეცდომები.

წინა ვიდეოგაკვეთილებში უკვე ვისაუბრეთ შიშზე და შენ უკვე იცი, რომ როცა შეგეშინდება, შეგიძლია გაჩერდე, დაფიქრდე, გააანალიზო და შემდეგ გადაწყვიტო, თუ როგორ იმოქმედო და რამდენად საფუძვლიანი იყო შენი შიში. ასევე იცი, რომ იმავეს გაკეთება შეგიძლია კატასტროფიზაციის შემთხვევაშიც.  ამ დროს ჩვენს ფიქრებში სიტუაციას გაცილებით უარესად და მძაფრად აღვიქვამთ, ვიდრე რეალურად არის. სწორედ ეს არის ფიქრითი შეცდომის ერთ-ერთი გამოვლინება.

კატასტროფიზაცია ერთ-ერთია ფიქრით შეცდომათაგან. სწორედ ასეთ ფიქრებზე ვსაუბრობ ამ ვიდეოგაკვეთილში, რადგან არსებობს ფიქრითი შეცდომების არაერთი სახე.

ფიქრითი შეცდომებია:

შავ-თეთრი ფიქრი

როდესაც, მაგალითად, შეიძლება ფიქრობდე, რომ არ ხარ საკმარისად ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდაზე ჩაიჭერი. ან ცუდი თანამშრომელი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსმა შენიშვნა მოგცა. ​

უნდა-ს მოლოდინი

როდესაც საკუთარი თავის ან სხვების მიმართ მცდარი მოლოდინები გაქვს. ამ დროს საჭიროა დაფიქრდე და გააანალიზო, იქნებ შენი სურვილები იმიტომ არ სრულდება, რომ შენი მოლოდინები რეალობას არის აცდენილი.

მცდარი განზოგადება

როდესაც რაიმე მოვლენის შემდეგ გამოგაქვს დასკვნა და შემდეგ ამ დასკვნას აზოგადებ სხვადასხვა სიტუაციებში. მაგალითად, თუ ადამიანზე ბავშვობაში მეგობარმა მის ზურგს უკან ილაპარაკა, შეიძლება მან ეს განაზოგადოს და შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ეგონოს, რომ მეგობრები მის ზურგს უკან ლაპარაკობენ.

პოზიტიური გაუფასურება

როდესაც ჩვენს თავზე მცდარი წარმოდგენის გამო, არ გვჯერა იმ პოზიტიური შეფასებების თუ სიტყვების, რომლებსაც გვეუბნებიან. ვერ ვამჩნევთ არსებობას ჩვენთვის დამახასიათებელი იმ პოზიტიური სამხილებისა, რომლებიც ნეგატიურ ფიქრს ვერ ემთხვევა. მაგალითად, თუ სამსახურში შეგვაქეს, შეიძლება გვეგონოს, რომ ეს მხოლოდ ჩვენს წასახალისებლად გააკეთეს და არა იმიტომ, რომ რეალურად ვიმსახურებთ.

ემოციური ლოგიკურობა

როდესაც ჩვენს აზროვნებაზე დიდ მნიშვნელობას ჩვენს ემოციებს ვანიჭებთ. მაგალითად, შეიძლება დაბადების დღეზე წასვლის წინ ცუდ განწყობაზე ვიყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გვქონდეს შეგრძნება თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

სხვისი ფიქრების გამოცნობა

როდესაც  ამა თუ იმ ქმედების საფუძველზე გამოგვაქვს დასკვნა იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. მაგალითად, აუდიტორიაში შესვლისას ვინმეს გაცინება, ჩვენს მიერ აღქმული იქნას,როგორც მათი დაცინვა ჩვენზე.

პერსონალიზაცია

როდესაც თავს მივაკუთვნებთ ისეთ სიტუაციას, რომელიც რეალურად ჩვენ არ გვეხება. მაგალითად, ვინმეს გაცინებას შეიძლება აღვიქვამდეთ პერსონალურად ჩვენს დაცინვად.

შედეგის მოთხოვნა

როდესაც შენი მოლოდინების შესაბამისად გაქვს ამა თუ იმ შედეგის დადგომის მოთხოვნილება. მაგალითად, შეიძლება მუდმივად გქონდეს შინაგანი მოთხოვნილება, რომ დაგაწინაურონ, შეგაქონ, წაგახალისონ და ა.შ.

ბედნიერების უნარის გარეთ გატანა

როდესაც შენს გარეთ არსებული რამეს, გარე ფაქტორის შესახებ ფიქრობ, რომ მის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. მაგალითად, შეიძლება ფიქრობდე, რომ თუ არ გექნება გარშემომყოფთა პატივისცემა, შენ ვერ იქნები ბედნიერი.

საკუთარი უნარების დაკნინება

როდესაც ფიქრობ, რომ სამსახურში არავინ აგიყვანს, არავის მოეწონები, არაფერი გამოგივა და ა.შ. ამ ფიქრების გამო კი არც კი ცდილობ რამეს გაკეთებას, რადგან გგონია, რომ ცდასაც კი არ აქვს აზრი.

ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე

როდესაც საკუთარ თავს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებ, ვიდრე ეს რეალობას შეესაბამება. მაგალითად, შეიძლება ჩათვალო, რომ უინტერესო მოსაუბრე ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი საუბრისას ოთახში მყოფმა დაამთქნარა.

მე რაღაც განსაკუთრებული მჭირს

როდესაც ფიქრობ, რომ შენი პრობლემა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაა და რომ მისი მოგვარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენის. 

ფიქრითი შეცდომების გამო, ჩვენ ხშირად ზედმეტად ვისტრესებით. გვგონია, რომ რაღაც სანერვიულო, საშიში ან საგანგაშოა,  არადა რეალურად ასე არ არის.  მომავალში, როდესაც შენს თავს მსგავს ფიქრებში გამოიჭერ, იმის გაცნობიერება, რომ ეს არ არის რეალობის შესაბამისი ფიქრები, არამედ ფიქრითი შეცდომებია, დაგეხმარება დამშვიდებასა და სტრესისგან და დაძაბულობისგან განთავისუფლებაში.