ახლა ამ კურსს რომ ეცნობი, ცალსახად კარგია შენთვის და აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგადგება. თუმცა საჭიროდ ვთვლი, რომ გაგაფრთხილო. ჩემი პირველი გაფრთხილება და ერთგვარი რჩევა შენდამი შემდეგია: თუკი ახლა გრძნობ, რომ ძალიან ცუდად ხარ, ამ კურსის გავლის პარალელურად მიმართე სპეციალისტს ან დარეკე ცხელ ხაზზე, სადაც იმაზე სწრაფად დაგეხმარებიან მოიხსნა მძაფრი სიმპტომები, ვიდრე მე ამ კურსის მეშვეობით შევძლებ. ან თუნდაც დაურეკო/დაელაპარაკო მეგობარს, ახლობელს ან უთხრა შენი მდგომარეობის შესახებ შენი ოჯახის წევრს. ნუ მოგერიდება დახმარების თხოვნა. შფოთვითი აშლილობის ქონა არ არის მოსარიდებელი და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარება შეუძლიათ. საჭიროა მხოლოდ ითხოვო დახმარება.
მეორე ჩემი გაფრთხილება შენდამი იქნება ის, რომ საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმის ნაცვლად, რაც ახასიათებს შფოთვით აშლილობას ( ჩვენ გამუდმებით გვეჩვენება რომ ფიზიკური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის) მიმართო ექიმს და გამორიცხო სხვა ფიზიკური დაავადებები. და პირიქით, რადგან არსებობს სხვა დაავადებები, რომლებსაც აქვთ შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელი ანალოგიური სიმპტომები, მაგალითად გულის აჩქარება, გადაჭარბებული ოფლიანობა, დაძაბულობა, თავბრუსხვევა, დაბალი წნევა და ა.შ., აუცილებელია მათი დადგენა და მკურნალობა.
თუკი, ეს ყოველივე უკვე გააკეთე და სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ დარწმუნდი, რომ არანაირი სხვა დაავადება არ გაწუხებს და ეს სიმპტომები მართლაც შფოთვითი აშლილობით არის გამოწვეული, მაშინ შეგიძლია შეუფერხებლად განაგრძო კურსის გავლა და დარწმუნებული ვარ მალე ამ პრობლემისგანაც განთავისუფლდები. აქვე გეტყვი, რომ სპეციალისტთან ვიზიტი დაგეხმარება, რომ მოიშორო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზედმეტი ფიქრები და შფოთვები, რადგან როდესაც გეცოდინება, რომ არაფერი გჭირს, გაცილებით მშვიდად იქნები და ტყუილად არ ინერვიულებ და არ იშფოთებ შენს ჯანმრთელობაზე. იმედი მაქვს ამ ორ გაფრთხილებას გაითვალისწინებ, რაც აუცილებლად დაგეხმარება შფოთვითი აშლილობის მოშორებაში.