ადამიანები არ ვართ მზად დიდი პასუხისმგებლობისთვის და ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა გავლენა შეგვიძლია ვიქონიოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სანამ მენტალური ჯანმრთელების პრობლემის წინაშე არ დავდგებით, ჩვენი როლი ამ საკითხში უფრო პასიურად წარმოგვედგინა. ყველამ ვიცით, რომ თუ ბრმა ნაწლავი შეგვაწუხებს, საავადმყოფოში მივალთ და ექიმი გაგვიკეთებს ოპერაციას. ჩვენ მხოლოდ ნება უნდა მივცეთ მას, რომ ჩვენთვის ესა თუ ის ქირურგიული თუ სხვა სახის ჩარევა განახორციელოს. მაგრამ როდესაც ფსიქიკური პრობლემის წინაშე ვდგებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვაგვარებთ პრობლემას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბოლოო ჯამში საკუთარ თავს მაინც თავადვე ეხმარები და ის, თუ რა შედეგს მოგიტანს ეს კურსი, მაინც შენზეა დამოკიდებული.
რას ნიშნავს ეს? წარმოიდგინე რომ ცურვა არ იცი, შენი მეგობარი კი ხელს გკრავს და მდინარეში ჩაგაგდებს, რადგან ფიქრობს რომ ამით დაგეხმარება ცურვის სწავლაში. მდინარეში ჩავარდნით ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, როდესაც სხვა გზა აღარ დაგრჩება, გარდა მოქმედებისა და შესაძლოა ცურვაც ისწავლო. რა მოხდება ამ დროს? შენ კიდურების ქაოსურად მოძრაობას დაიწყებ, შეიძლება წყლის ქვეშ აღმოჩნდე და რამდენიმე ყლუპი წყალიც კი გადაყლაპო. მოკლედ ბევრს ინერვიულებ, შეგეშინდება, იწვალებ და დიდი ძალისხმევის დახარჯვის შემდეგ გამოხვალ ნაპირზე. მაგრამ ისწავლი ცურვას? რა თქმა უნდა ვერ ისწავლი. რატომ? იმიტომ რომ შენთვის არავის უსწავლებია ცურვის ტექნიკა. წყალში მოხვედრისას შენ არ იცოდი როგორ მოქცეულიყავი და ის ფაქტი, რომ ნაპირზე გამოხვედი, მხოლოდ და მხოლოდ შენი ბუნებრივი ინსტინქტების დამსახურება იქნება. რას მოგცემდა ეს გამოცდილება? დაგეხმარება, რომ შემდეგ ჯერზე წყალში ჩავარდნის დროს კი არ იფართხალო, არამედ მშვიდად იცურო? რა თქმა უნდა, არა. შენს მეგობარს რამდენჯერაც არ უნდა ჩაეგდე წყალში, შენ ამით ცურვას ვერ ისწავლიდი. შეიძლება მხოლოდ ის გესწავლა, როგორ ამოსულიყავი ნაპირზე უფრო სწრაფად, რაც არ იქნებოდა ცურვისკენ გადადგმული ნაბიჯი.
მაშინ როგორ შეძლებდა შენი მეგობარი დახმარებას? პირველ რიგში, საჭირო იქნებოდა, რომ თავად მას სცოდნოდა ცურვა, შემდეგ კი შენთვის აეხსნა ცურვის ტექნიკა და ესე ესწავლებინა. ცოდნა დაგეხმარებოდა, რომ წყალში შესვლისას ნაკლებად გენერვიულა და შეგშინებოდა, რადგან გეცოდინებოდა როგორ იმოქმედო.
მინდა გითხრა, რომ შფოთვითი აშლილობის დროს იგივე ხდება. მაგალითად, პანიკური შეტევების დროს. შენ შეიძლება ფიქრობ, რომ წლების განმავლობაში მეტი გამოცდილება დაგიგროვდება და ამ გამოცდილებით მარტივად გაუმკლავდები პანიკურ მდგომარეობას. მაგრამ მე გეტყვი, რომ როგორც წყალში ჩაგდებით ვერ ისწავლი ცურვას და ისწავლი მხოლოდ ნაპირზე გამოსვლას, ასევე პანიკური შეტევების შემთხვევაში, თუ არ გააცნობიერებ მდგომარეობას, თუ არ გეცოდინება ტექნიკები და ინსტრუმენტები, რომელთა ცოდნაც გჭირდება პანიკურ შეტევებთან გამკლავებისთვის, მაშინ ვერასოდეს ისწავლი მათ მართვას.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ შენ შეგიძლია ისწავლო ეს ყველაფერი და მე მზად ვარ ვიყო სწორედ ის მეგობარი შენთვის, რომელიც წყალში ჩაგდების ნაცვლად, საფუძვლიანად აგიხსნის იმ ტექნიკებს, რომლებიც გჭირდება „ცურვისათვის“ და დაგეხმარება მოემზადო პანიკური შეტევისთვის. როდესაც პანიკური შეტევა დაგემართება, მის მართვას შენით შეძლებ. დაუკვირდი - იმ შემთხვევაშიც, თუ მეგობარი წყალში ჩაგაგდებს და მაშინაც, თუ პანიკური შეტევა დაგემართება, მხოლოდ შენ იქნები ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც უნდა იმოქმედოს. პირველ შემთხვევაში შენი მოქმედება სპონტანური და ინსტინქტური იქნებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მომზადებული და გაცნობიერებული.
რა კავშირშია ეს ყოველივე ჩვენს ვიდეო კურსთან? ის, რომ პრინციპი იგივეა. იმ შემთხვევაშიც, თუკი პანიკურ შეტევებთან, შფოთვით აშლილობასთან, ბრაზის მართვასთან ან ზედმეტ დარდებთან გიწევს გამკლავება. მინდა გითხრა, რომ იქნება ეს პანიკური შეტევის მომენტი, თუ რომელიმე სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, მოსალოცია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდები, რადგან ეს იქნება შესაძლებლობა, ისწავლო მასთან გამკლავება. როგორც ცურვას ისწავლი მხოლოდ უშუალოდ ცურვის პროცესში, ასევე ამ პრობლემების მოგვარებას ისწავლი მხოლოდ თვითონ კონკრეტულ მდგომარეობებში ყოფნის დროს.
ამდენს იმიტომ გელაპარაკები, რომ მინდა დაგანახო, რამდენად მაქსიმალურად შევეცდები საჭირო ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღგჭურვო. თუმცა შენ რა შედეგს მოგცემს ეს კურსი და როგორ გამოიყენებ მას შენი პრობლემების მოსაგვარებლად, დამოკიდებულია მხოლოდ შენზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველ გაკვეთილს უყურო არა უბრალოდ პასიური მსმენელის პოზიციიდან, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას ისმენს, არამედ როგორც მკვლევარმა, რომელიც მოსმენასთან ერთად ანალიზს გააკეთებს და მაქსიმალურად შეეცდება მისთვის სასარგებლო ინფორმაციის „დაჭერას“ და დამახსოვრებას.