შიშის არ შიში.

/*! elementor – v3.19.0 – 07-02-2024 */
.elementor-heading-title{padding:0;margin:0;line-height:1}.elementor-widget-heading .elementor-heading-title[class*=elementor-size-]>a{color:inherit;font-size:inherit;line-height:inherit}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-small{font-size:15px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-medium{font-size:19px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-large{font-size:29px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xl{font-size:39px}.elementor-widget-heading .elementor-heading-title.elementor-size-xxl{font-size:59px}

რა არის და რა არ არის შიში?

შიში არის ის ძირეული რამ, რაც შემდეგ იწვევს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ფსიქიკასთანაა დაკავშირებული, იქნება ეს სევდა, დარდი, ბრაზი, პესიმიზმი, უკონტროლო ფიქრები, შფოთი, კატასტროფიზაცია, დეპრესია, პანიკური შეტევები  თუ სხვა.

ერთ-ერთ ვიდეოგაკვეთილში უკვე გესაუბრე, რომ დასტრესილი ადამიანის გონებას აქვს უნარი მგლის, ანუ ისეთი რამის გამონახვის, რასაც საშიშად ჩათვლის, იმის მიუხედავად, მართლა არის თუ არა ის საშიში. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ შიში დაკავშირებულია მომავალთან. შენ უკვე იცი, რომ შიშის მუდმივი, გამძაფრებული განცდა, ნიშანია იმისა, რომ სხეულში ჭარბი სტრესია დაგროვილი.

მოდი, წარმოიდგინე მინდორში მყოფი ირემი, რომელმაც ბალახის ძოვისას მოულოდნელად დათვი დაინახა. ამ დროს ირმის ორგანიზმში სტრესის ჰორმონების გამოყოფა დაიწყება, რაც ირემს თვითგადარჩენის ინსტინქტს ჩაურთავს. იმ შემთხვევაში, თუ იგი დათვისგან გაქცევას და დამალვას მოასწრებს, მასში ნელ-ნელა სტრესის დონეს რელაქსაციის ჰორმონები გაანეიტრალებს და ირემიც დამშვიდდება. და დამშვიდდება იმაზე მეტად, ვიდრე იქამდე იყო, სანამ დათვის პირისპირ აღმოჩნდებოდა. მაგრამ მინდორში ხელახლა გამოსვლის მომენტში, სტრესის ჰორმონები ნორმაზე მაღლა აიწევს, რადგან ინსტინქტურად მას ექნება შეგრძნება, რომ შეიძლება სადმე ახლოს ისევ იყოს მტაცებელი. ხოლო ბალახის ძოვის პროცესში თუ მტაცებელი არ გამოჩნდება, მისი სტრესის ჰორმონები დაუბრუნდება იმ დონეს, რომელზეც მაშინ იყო, სანამ დათვს გადაეყრებოდა.

ირმის მაგალითზე შეგვიძლია ნათლად აღვიქვათ, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში საფრთხის, საშიშროების დანახვისას. მაგრამ თუკი ირემს შიშის რეალური საფუძველი ჰქონდა, წინა ვიდეოგაკვეთილებიდან შენ უკვე იცი, რომ ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია ამ საშიშროების დანახვა მაშინაც, როდესაც ის არ არსებობს, რადგან დასტრესილი ადამიანის გონება სწორედ საშიშროების დანახვისკენაა მიმართული. 

ანუ ჩვენ შეგვიძლია მუდამ ისე ვგრძნობდეთ თავს, თითქოს საიდანღაც დათვი გამოვა და შეგვჭამს. გვეშინია. გვეშინია, რომ დაგვცინებენ. გვეშინია, რომ გაგვაკრიტიკებენ. გვეშინია, რომ მიგვატოვებენ. გვეშინია, რომ გავგიჟდებით. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ, ადამიანებს გვეშინია თავად შიშისაც. გვეშინია ისეთი რამის მოხდენის, რაც შეგვაშინებს. ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისწავლოთ  შიშის შიშისგან განთავისუფლება, შემდეგ კი ვისწავლით იმ შიშის დაძლევასაც, რომლისაც გვეშინოდა.

შიში და, მითუმეტეს, არარსებული საფრთხის მიმართ გამუდმებული შიში, ჩვენს სხეულში არსებულ სტრესის ჭურჭელში გამუდმებით ამატებს სტრესს, რაც შემდეგ უამრავ პრობლემას იწვევს. სწორედ იმ პრობლემებს, რომლებიც ვიდეოგაკვეთილის დასაწყისში ვახსენე – სევდა, დარდი, ბრაზი, პესიმიზმი, უკონტროლო ფიქრები, შფოთი, კატასტროფიზაცია, დეპრესია, პანიკური შეტევები თუ სხვა.

სწორედ ამიტომ არის  ჩვენთვის აუცილებელი განვთავისუფლდეთ ამ შიშებისგან. შემდეგ ვიდეოგაკვეთილში მოგიყვები იმ ტექნიკაზე, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში შიშისგან თავის დაღწევაში დაგეხმარება.